ადამიანთა 90% არის მემარჯვენე! თუმცა დაბადებისას არც ჩვენი მარჯვენაა უპირატესი და არც მარცხენა. ახალშობილმა ჯერ არაფერი იცის, რადგან მისი ტვინის ნეირონებს ჯერ არ შეუქმნიათ „ფუნქციური“ ქსელები, რომლებიც კონკრეტული მოქმედებების შუსრულებაზე არიან პასუხისმგებელნი, როგორიცაა მოძრაობის კონტროლი და მეტყველება. დროის სვლასთან ერთად ორი ჰემისფერო იძენს ფუნქციებს: იმ ბავშვებში, რომლებსაც მარჯვენა ხელის ხმარება ეხერხებათ, მარცხენა ჰემისფეროში ვითარდება ნეირონების ფუნქციური ქსელი, რომელიც მარჯვენა ხელის კონკრეტულ მოქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი და პირიქით, თუ ბავშვს მარცხენა ხელი უფრო ემარჯვება.
რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ფუნქციურ ასიმეტრიას არ აქვს გენეტიკური საფუძველი და მიიჩნევა, როგორც სწავლის შედეგად შეძენილი უნარი. ბავშვი სპონტანურად იყენებს მარცხენა ხელს, შემდეგ, მოძრაობების გამეორების შედეგად ყალიბდება როგორც ცაცია. თავდაპირველად, მარჯვენაზე ან მარცხენაზე უპირატესობის მინიჭება, შეიძლება განპირობებული იყოს პატარას გარემოთი. მაგალითად, დედა თუ მემარჯვენეა ბავშვსაც, მიმბაძველობით, შეიძლება მარჯვენამხრივი მოძრაობები განუვითარდეს.
თუმცა რატომ არის ამდენი მემარჯვენე – ამოუცნობი რჩება. ერთი რამ ნათელია, ქვის ხანიდან მოყოლებული მარჯვენა ხელის უპირატესობა შესამჩნევი იყო. გამოქვაბულებში დახატული მარცხენა ხელის კონტურები, 85% შემთხვევაში, მიუთითებს რომ ის მარჯვენა ხელით არის შესრულებული. რომელიმე კიდურზე უპირატესობის მინიჭებას სხვა ცოცხალ არსებებშიც ვხვდებით. მაგალითად კენგურუ უფრო ხშირად მარცხენა თათს ხმარობს საკვების მოსაპოვებლად. ასევე თევზების უდიდესი ნაწილი დაბრკოლებას მარჯვენა მხარეს გაურბის.
მემარჯვენე-მემარცხენე ლატერალიზაციის ფენომენი დაკავშირებულია ასევე მეტყველების განვითარებასთან. 1950 იან წლებში მეცნიერები მივიდნენ კონსესუსამდე, რომ ჩვენ ვავითარებთ ერთერთ ჰემისფეროს, რომელიც დომინირებს კონკრეტულად ერთ ხელზე და რომ ამავე ჰემისფეროში ხდება ნეირონების ქსელის ჩამოყალიბება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველებაზე. ადამიანის ევოლუციაში ჟესტები უსწრებდა სიტყვას, რითაც აიხსნება ეს ფენომენი. აქედან გამომდინარე, ცაციებში, რომლებიც მარჯვენა ჰემისფეროს იყენებენ კიდურების გასაკონტროლებლად, მეტყველების ცენტრიც ასევე მარჯვენა ჰემისფეროში უნდა ჰქონდეთ. ევრიკა? არა. ტვინის ტომოგრაფიამ ხელად გააცამტვერა ეს იდეა. კვლევების თანახმად, ცაციებს 90% -ს მეტყველების ცენტრი აქვთ მარცხენა ჰემისფეროში. აქედან გამომდინარე, მეტყველების ცენტრის ლოკალიზაციასა და მემარჯვენე – მემარცხენეობას შორის არანაირი კავშირი არ არის.
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, რომელიც 1%-ს ეხება: ადამიანებში მეტყველების ცენტრი არის მარჯვენა ჰემისფეროში და ისინი ცაციები არიან. ამ გამონაკლისს გენეტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება არსებობდეს გენი ან გენთა ჯგუფი, რომელთა მუტაციაც მხოლოდ ამ ადამიანებში გვხვდება. ბორდოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს პილოტური კვლევა, რომელიც სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ეძებს. შედეგები სამ წელიწადში გვექნება!
ბიბლიოგრაფია: La Recherche, Juillet-Août 2016, N°513-514, p.130
Catégories :მეცნიერება