ფასმანდუკი ამსუბუქებს ქალურ ტკივილებს და ცნობილია როგორც „ჭრილობების მცენარე“ თავისი სამკურნალო და შემახორცებელი თვისებების გამო. მისი ეს თვისება მეორე მსოფლიო ომის დროს ხელახლა იქნა აღმოჩენილი.
მინდორში ფასმანდუკი შეიძლება სტაფილოს ყვავილში აგვერიოს … მაგრამ შეგვიძლია ამოვიცნოთ მისი ფოთლებით: წვრილი, თხელი და ბუსუსებიანი ფოთლები აქვს. ანტიკურ ხანაში „ვენერას წარბებს“ ეძახდნენ. მისი სახელი ქალთა სამყაროსთან უნდა იყოს დაკავშირებული, რადგან მითოლოგიური თქმულების თანახმად სწორედ სიყვარულის ქალღმერთმა უსაჩუქრა ფასმანდუკი აქილევსს, დაჭრილი ქუსლის სამკურნალოდ. ძალიან ეფექტურია მტკივნეული მენტრუაციის დროს და მცირე მენჯში მდებარე სხვა ორგანოების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდის ბუშტი და პროსტატიტი.
ფასმანდუკი პატარა ჭრილობების დეზინფექციას ახდენს და ეხმარება შეხორცებაში
აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებები. ფანსმანდუკის ინფუზიის კომპრესი შეიძლება დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ, არაინფიცირებულ ჭრილობაზე, დამწვრობებზე (და შემდეგ ცხიმივით დავფაროთ: კარაქი, ზეთი…), აკნეს გამონაყარზე, ბუასილის დროს, ძუძუს ნახეთქებზე, ასევე მწერების ნაკბენებზე, ჭინჭრის დასუსხულზე. პირის ღრუს სავლებად შეგვიძლია გამოვიყენოთ გინგივიტებისა და აფთების სამკურნალოდ (განზავებული ნაყენის სახით).
ამსუბუქებს მენსტრუალურ ტკივილს
მიუხედავად იმისა, რომ ფასმანდუკი რაიმე მცენარეულ ჰორმონს არ შეიცავს, ქალურ ციკლს მაინც არეგულირებს. როგორც ჩვენი ექსპერტი, ფარმაციის დოქტორი, ფრანკ დუბუსი ამბობს, მისი მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, მაგრამ ვიცით რომ შეიცავს აპიჟენინს (ფრანგულად l’apigénine) მოლეკულას, რომელიც ესტროგენის წარმოქმნას აქვეითებს. ინფუზია, როგორც წესი ციკლის დარღვევისას მიიღება (მენტრუაციის არქონის ან პირიქით, სიჭარბის დროს), განსაკუთრებით პრემენოპაუზისა და მენოპაუზის დროს. მენსტრუალურ ტკივილზე მის დამამშვიდებელ ეფექტს განაპირობებს ანთების საწინააღმდეგო და ანტისპაზმური თვისებების მქონე ფლავონოიდებისა და აზულენის არსებობა (არომატული ნაერთი).
ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და მოქმედებს შეკრულობის საწინააღმდეგოდ
რეკომენდებულია საჭმლის მონელების დაყოვნებისა და კუჭის პრობლემების დროს, რომელსაც თან ახლავს სპაზმები და წვის შეგრძნება. „ანთების ჩაქრობითა და სპაზმების შემცირებით ამსუბუქებს ტკივილს“ – ამბობს ფრანკ დუბუსი. გარდა ამისა, ამშვიდებს ნაწლავურ ანთებას და ხელს უშლის შებერილობას. ფასმანდუკის ინფუზია უნდა დავლიოთ ჩაის კოვზით დღეში ორჯერ, ჭამის წინ, ორი კვირის განმავლობაში.
ფასმანდუკი ამცირებს შეშუპებას და ხელს უშლის ორგანოებში სისხლის შეგუბებას
ამ თვისებას მას ფლავონიოდები ანიჭებენ, შემკვრელი ანტიოქსიდანტები (რომლებიც ქსოვილებს კუმშავენ). ფასმანდუკი რეკომენდებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს (შეშუპება, ფლებიტი…), განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მუცლის ქვედა ნაწილის სისხლძარღვებს, მაგალითად ბუასილის დროს. ფასმანდუკი ასევე უხდებათ ~50 წლის მამაკაცებს, რამდენადაც ამცირებს პროსტატაში სისხლის შეგუბებას. ამისათვის ვიყენებთ ინფუზიას, ნაყენს, ან ზეთის მაცერაციას.
ფასმანდუკი სპორტსმენებში ამშვიდებს კუნთების კრუნჩხვებს
ფასმანდუკი სასარგებლოა ასევე წელის ტკივილისა და კუნთების კრუნჩხვების დროს სპორტსმენებში. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ მისი ეთერზეთი, მაგრამ არომათერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის სუფთა მცენარეული ზეთი უნდა განვაზავოთ და წავუსვათ კანზე. რამდენადაც მცენარე ანტიჰეპატოტოქსიურია (იცავს ღვიძლს) ააქტიურებს ტოქსინების ელიმინაციას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კუთების სპაზმზე. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფუზიის, ნაყენის ან ზეთოვანი მაცერაციის სახით.
როგორ დავამზადოთ ფასმანდუკის ტკივილგამაყუჩებელი, მასაჟის ზეთი:
- ფასმანდუკს მოაჭერით ყვავილოვანი თავები, გადაჭერით ყვავილიდან 20 სმ ქვევით
- მოჭრილი ყვავილები დააქუცმაცეთ 2 სმ ნაწილებად
- ჩაყარეთ ქილაში და ქილა შეავსეთ ზეითუნის ზეთით
- დაახურეთ და 4 კვირა დადგით მზეზე
- შემდეგ გაფილტრეთ და ზეთი შეინახეთ
გამოიყენეთ გარეგანი სახით, კანზე, და შეინახეთ მზისგან მოშორებულ ადგილას.
გაფრთხილება!
ფასმანდუკი არანაირი სახით არ შეიძლება მიიღოს ორსულმა და მეძუძურმა ქალმა, რამდენადაც შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული დისფუნქცია
არ შეიძლება მისი გამოყენება პატარა ბავშვებში, გარდა კომპრესისა მსუბუქ ჭრილობებზე
არ დალიოთ ფასმანდუკის ეთერზეთი და გარეგანი გამოყენებისას ყოველთვის განაზავეთ. რადგან შეიცავს კეტონს და მაღალი დოზით ნეიროტოქსიური შეიძლება იყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა გადასცდეს 15 დღეს.
წყარო: Top Santé, N°265 – Octobre 2012, p. 48-49
Catégories :ფიტოთერაპია