ანტიოქსიდანტებს ყოველდღე მივირთმევთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და აი, დღეს უკვე ისინი თავის მოვლის საშუალებებში გამოჩნდა. და მაინც, რატომ არის ანტიოქსიდანტები აუცილებელი?
რატომ გამოიყენება ანტიოქსიდანტები?
რადგან ესენი არიან მოლეკულები, ხშირ შემთხვევაში გამოყოფილი საკვებიდან (ყურძენი, მწვანე ჩაი, ბროწეული…), რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს. ეს უკანასკნელნი თავს ესხმიან უჯრედებს, იწვევენ ანთებას, შემდეგ ჯაჭვურ რეაქციას, რასაც შეუძლია კანის დაზიანება და ნაადრევი სიბერის გამოწვევა. ეს მექანიზმი შეიძლება მეტალზე ჟანგის წარმოქმნას შევადაროთ. ეს „დამჟანგველი“ მოქმედება უმეტესად გამოწვეულია მზის სხივების, გარემოს დაბინძურების, სტრესის, დაღლილობის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მიერ.
როგორ მოქმედებენ ანტიოქსიდანტები?
ორი გზით. პირველი: აჩერებენ თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დესტრუქციას. მეორე: ასტიმულირებენ ანტიოქსიდანტების წარმოქმნას თვით ორგანიზმის მიერ, რამდენადაც ჩვენს ორგანიზმს თავად გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია და ახდენს ანტიოქსიდანტების სეკრეციას (სუპეროქსიდისმუტაზა, გლუტატიონი და კატალაზა). მაგრამ როდესაც ორგანიზმზე აგრესიის მოქმედება მაღალია, თავდაცვითი სისტემა იტვირთება და ვეღარ უმკლავდება მავნე ზემოქმედებებს. ასაკის მატებასთან ერთად ეს სისტემა კიდევ უფრო სუსტდება და სულ უფრო მეტ დროს საჭიროებს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებული უჯრედების აღდგენას.
უფრო ზუსტად რა როლს თამაშობენ ანტიოქსიდანტები?
ისინი იცავენ კანის უჯრედებს. ანტიოქსიდანტები გვხვდება დაბერების საწინააღმდეგო უმეტეს კრემებში, თუმცა ასევე დამატენიანებელ კრემებშიც. როგორც ლიონელ დე ბენეტი (Clarins -ის კვლევების ყოფილი დირექტორი) ამბობს: „სადღეისოდ, დაბერების საწინააღმდეგო კრემი, უნდა შეიცავდეს სულ მცირე: დამატენიანებელ, ანტიოქსიდანტურ და ანტიგლიკაციურ აგენტებს“. კვლევებმა აჩვენა რომ მწვანე ჩაისა და კურკუმას ექსტრაქტები, ფერულიკის მჟავა, ყურძნის, ვაშლის, ბროწეულისა და ზეთისხილის პოლიფენოლები – რეალურად მოქმედებენ კანზე. ისინი ასევე ახდენენ კანის დეტოქსიკაციას, კანი ხდება უფრო ერთგვაროვანი, ნათელი და ჯანმრთელი.
რომელია ყველაზე ეფექტური ანტიოქსიდანტები?
ყველაზე მეტად აღიარებულია ბეტა-კაროტინი, C და E ვიტამინი, კოენზიმი Q10 (უბიქინონი), პოლიფენოლები (ფლავონოიდები, ტანინები, ანტოციანები). დღეს მეცნიერებმა იციან როგორ გაზომონ ანტიოქსიდანტების უნარი – გაანეიტრალონ თავისუფალი რადიკალები, ეს ხდება Orac (Oxygen Radical Absorbance Capacity ანუ ოქსიგენური რადიკალების აბსორბციის უარი) ინდექსის წყალობით. ამის საშუალებით იქნა აღმოჩენილი ქაცვის, მოცვის, კოწახურის, ასაის, ბროწეულის, შავი ყურძნის ანტიოქსიდანტური თვისებები. ასევე სუნელები გამოირჩევიან ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, თუმცა თავის მოვლის საშუალებებში ნაკლებად გამოიყენებიან.
თუ კრემი რამდენიმე ანტიოქსიდანტს შეიცავს ეს უფრო კარგია?
როგორც იზაბელ ბენუა (ესთედერმის სამეცნიერო ურთიერთობების მენეჯერი) ამბობს „უმჯობესია გვქონდეს კოქტეილი, რადგან იშვიათია ანტიოქსიდანტი, რომელიც ყველა რადიკალზე მოქმედებს“. ანუ სხვადასხვა ტიპის ანტიოქსიდანტები, სხვადასხვა ტიპის თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ. მაგალითად C ვიტამინი ძალიან ძლიერია: ერთის მხრივ მოქმედებს გარკვეულ რადიკალებზე, განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეულ, და მეორეს მხრივ ააქტიურებს E ვიტამინს, რომელიც თავად განეიტრალებულია თავისუფალი რადიკალების მიერ.
მოქმედებენ თუ არა ეს მოლეკულები ულტრაიისფერ სხივებზე?
პირდაპირ არა. ამიტომ აუცილებელია მზისგან დაცვა. თუმცა ანტიოქსიდანტები მოქმედებენ ულტრაიისფერი სხივების მიერ ინიცირებულ თავისუფალ რადიკალებზე, ასევე იმ უჯრედულ დაზიანებებზე, რასაც ეს სხივები გამოიწვევენ.
წყარო: Top Santé, N°262 – Juillet 2012 p. 40-42
Catégories :ჩვენი რჩევები