არასაკმარისი ჰიდრატაცია, სველი საცურაო კოსტუმი, რომელიც დიდხანს გვაცვია, ხშირი სექსუალური კავშირი … ზაფხული ცისტიტის სეზონია! როგორც წესი გამწვავების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ საშარდე სისტემის ეს ინფექცია საკმაოდ შემაწუხებელია. თუმცა გარკვეული ზომების მიღება მისი განვითარების რისკს მაინც აქვეითებს.
თუ ხშირად შევდივართ საჭირო ოთახში, მუცლის ქვედა ნაწილში ჩხვლეტის შეგრძნება გვაქვს და შარდვისას გვეწვის – ეს ნიშნავს რომ ცისტიტი იწყება. ქალების 40% -ს ერთ დღეს აუცილებლად ხვდება ეს ინფექცია, რომელსაც ბაქტერია – Escherichia coli იწვევს. იშვიათად ცისტიტი უბრალოდ ანთების დამადასტურებელია და ბაქტერიული ინფექცია არ ახლავს თან. ორივე შემთხვევაში სიცხე და სინესტე ხელშემწყობი ფაქტორებია. ორსული, დიაბეტიკი, მენოპაუზაში მყოფი ქალი, უფრო მეტად უნდა გაფრთხილდეს, რადგან საშარდე სისტემის ინფექციის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. გთავაზობთ ყოველდღიურ ჩვევებს, რაც ამ ინფექციის განვითარების რისკს შეამცირებს.
1. სიცხეში მიიღეთ ბევრი სითხე
ზაფხულში ბევრს ვოფლიანობთ და შესაბამისად ბევრ წყალს ვკარგავთ. იმისათვის რომ არ მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოება დალიეთ დღეში 1.5 ლ. წყალი, თუ ტემპერატურა 30°C -ზე მეტია ან სპორტს მისდევთ, კიდევ უფრო მეტი სითხე მიიღეთ. რაც მეტ წყალს ვსვამთ, მეტს ვშარდავთ და ბაქტერიები ვეღარ ჩერდება შარდის ბუშტში. ფრთხილად იყავით არაბიოლოგიური თეთრი ღვინისა და შამპანურის დალევისას, ისინი შეიცავენ სულფიტებს, რაც შარდის ბუშტს აღიზიანებს.
2. ხშირად შედით საჭირო ოთახში
არასოდეს გადადოთ საჭირო ოთახში შესვლა და არ შეიკავოთ ფისი, თორემ შარდი უფრო კონცენტრირებული ხდება და იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო. დღის განმავლობაში, სულ მცირე 3-4 საათში ერთხელ შედით ტუალეტში. ასევე აუცილებლად ქენით ფისი სექსუალური აქტის შემდეგ.
3. არ ატაროთ მომდგარი ტანსაცმელი
შეეცადეთ არ ჩაიცვათ ძალიან მომდგარი ტანსაცმელი და საცვლები (ასევე სინთეტური), რაც აძლიერებს მაცერაციას. პლაჟზე და აუზზე არ დარჩეთ საცურაო კოსტუმით მთელი დღე, რომელიც როგორც წესი ლიკრისაა, რაც სინესტის წყაროა. ზღვის აბაზანის მიღების შემდეგ სწრაფად ამოიცვით ბამბის ტრუსი.
4. შეკრულობასთან ბრძოლა
სტრესი მოგზაურობისას, კვების რითმისა და საცხოვრებლის შეცვლა – შეკრულობას უწყობს ხელს. განავლის შეკავებით სწორ ნაწლავში, ხდება მიკრობების შარსადენში შეღწევა (პროფილერაცია). გაამდიდრეთ თქვენი საკვები ბოჭკოვანი საკვებით, მიირთვით ხილი და მწვანე ბოსტნეული, ეს ფორმის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. ასევე იზრუნეთ პრობიოტიკებზე (ბიფიდუმ ბაქტერიების შემცველი იოგურტი, ლუდის საფუარი …), რაც აგაცილებთ შეკრულობას თავიდან.
5. იმკურნალეთ წითელი მოცვით
ჩრდილოეთ ამერიკის წითელი მოცვი საშარდე გზებზე ბაქტერიების ადჰეზიას უშლის ხელს. ამგვარად, შარდვისას ხდება მათი თავიდან მოცილება. წითელი მოცვი რეციდივის რისკს 50%-ით ამცირებს. ქალებს, რომლებსაც წელიწადში 4-ჯერ მეტად აქვთ ცისტიტი, რეკომენდებულია მიიღონ ის პრევენციის სახით. თუმცა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში და კანადაში მოყვანილი მოცვია ეფექტური. მიიღეთ 36 მგ წითელი მოცვის კაფსულები (აქტიური ნივთიერება – პროანთოციანიდინი) დღეში ერთხელ, სამი თვიდან ერთ წლამდე.
6. დაიბანეთ გადაჭარბების გარეშე
ზაფხულში უფრო ხშირად ვბანაობთ ან შეიძლება პირიქთ თავი შევიკავოთ, როცა პირობები არ გვიწყობს ხელს (კარავში დაძინება, ბუნებაში ხეტიალი, გემით გასეირნება…). როგორც ჭარბი ჰიგიენა ისე მისი ნაკლებობა, ქმნის ცისტიტის განვითარების რისკს. ნუ გამოიყენებთ ყოველდღე ინტიმური ჰიგიენის საშუალებებს (ტუტე ან ანტისეპტიკური). ხშირად ისინი ძალიან აგრესიულები არიან ვაგინალური ფლორისთვის, რომლებიც ინფექციის განვითარებას ხელს უშლიან.
წყარო: Top Santé, N°262 Juillet 2012, p. 92-94
Catégories :ჩვენი რჩევები