კითხვებზე პასუხობენ პედიატრი პნევმო-ალერგოლოგები, სოფი გიბერტი და ნან ფამტი (პარიზი, საფრანგეთი)
დღეს ასთმით დაავადებულია 10 წლის ასაკამდე ბავშვების 9%. ეს პათოლოგია სულ უფრო ხშირად გვხვდება ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს შორის. ადრეული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი სასუნთქი სისტემა.
- რა ასაკში შეიძლება გვქონდეს ასთმური შეტევა?
ზოგ პატარას სიცოცხლის პირველი თვეებიდან სუნთქვა უჭირს, რადგან მათი ბრონქები დავიწროებულია ანთებითი პროცესის გამო. ექიმები ასთმაზე საუბრობენ, როდესაც 3 წლამდე პატარას სულ მცირე 3-ჯერ ჰქონდა უკვე სუნთქვის გაძნელება, თანმხლები სტვენითა და ღამის სისტემატიური ხველით ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
- რა სიპტომები ახასიათებს ასთმას?
გახშირებული სუნთქვა ან სტვენა, ღამის ხველა, დისპნოე (ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება), სასუნთქი გზების ობსტრუქცია სეროზული სითხითა და ლორწოთი, ხველა, რომელიც იწყება დაღლისას ან სიცილისას… ეს ნიშნები ასთმიანი ბავშვების 80%-ში ჩნდება ორ წლამდე. თუმცა, ასთმა შეიძლება უცბად მწვავე ფორმითაც გამოვლინდეს. ჩვილი, რომელსაც ცუდად სძინავს, სწრაფად სუნთქავს, არ ჭამს – სასწრაფოდ ექიმთან უნდა წავიყვანოთ. მწვავე ასთმის არასწორმა მკურნალობამ ბავშვის ზრდა შეიძლება დიდი ხნით შეაფერხოს.
- რა იწვევს ამ ავადმყოფობას?
2-3 წლამდე ასთმური შეტევა რესპირატორულ ინფექციასთან ერთად ჩნდება. მაგრამ ასთმა 10 დან 9 შემთხვევაში ალერგიული წარმოშობისაა. ჩვენ ვადანაშაულებთ როგორც გარემოს ისე შიდა დაბინძურებას, ჰიგიენის ნაკლებობას. ბოლოდროინელი გერმანული კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც ფერმაში ცხოვრობენ ნაკლებად ავადდებიან ასთმით, განსაკუთრებით ისინი, ვინც პირდაპირ ძროხის ცურიდან სვამს რძეს: რძეში არის ბაქტერიები, რომელიც იმუნურ სისტემას ავითარებს.
- როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ოჯახში ასთმური დაავადების შესახებ კითხვების შემდეგ, ექიმი სუნთქვითი ფუნქციის შესწავლას იწყებს, პაციენტს დაუნიშნავს ფილტვების რენტგენოგრაფიას და გამოკვლევებს დაასრულებს კანის უმტკივნეულო, ალერგიული ტესტებით. ეს ყველაფერი ალერგიული ფონის აღმოსაჩენად კეთდება.
- თუ მშობლები ალერგიულები არიან, ფრთხილად უნდა იყვნენ?
დიახ, თუ მშობლებს რაიმე სახის ალერგია აწუხებთ (ეგზემა…) ოთხჯერ მაღალია რისკი რომ ბავშვი ასთმური იყოს და ასთმიანი ბავშვების მეოთხედს ერთერთი მშობელი ასთმიანი ჰყავს.
- როგორ ვუმკურნალოთ ასთმურ შეტევას?
ყოველთვის სწრაფი მოქმედების ბრონქოდილატატორით (Ventoline). აეროზოლით ვუშვებთ საინჰალაციო მილში, რომელსაც ბავშვი სუნთქავს. საჭიროების შემთხვევაში ასევე ვაძლევთ კორტიკოიდს დასალევად (Célestène), წვეთების ან ტაბლეტების სახით. თუ სიმპტომები მაინც შენარჩუნდება ან ხელახლა იჩენს თავს, ბავშვი საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ უფრო ძლიერი დახმარების აღმოსაჩენად.
- როდის არის ყოველდღიური მკურნალობა საჭირო?
როდესაც ღამით უსტვენს კვირაში სულ მცირე ორჯერ ან აქვს მწვავე შეტევები. იწერება სამ თვიანი მკურნალობა, რომელიც მოიცავს კორტიკოიდებს საინჰალაციოდ და საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივებული მოქმედების ბრონქოდილატატორებს. მწვავე შეტევის დროს ბავშვმა სახლში უნდა გამოიყენოს აეროზოლი დღეში 2-3-ჯერ. ეს მკურნალობა აუცილებელია ბრონქების ანთების სამკურნალოდ, სუნთქვითი ფუნქციის დაქვეითების შესაჩერებლად და ბრონქების შეუქცევადი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.
- ასთმა ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება?
ასთმა, რომელიც ჩვილობაში ჩნდება ვირუსული ინფექციის შემდეგ ასაკთან ერთად მთლიანად შეიძლება გაქრეს. თუმცა, თუ არსებობს გენეტიკური განწყობა, ალერგიული ფონი, ეგზემის ან ასთმის სახით ავადმყოფობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. არსებობს მწვავე და მშვიდი ფაზები. პათოლოგია ხდება ქრონიკული და წინასწარმეტყველება ძნელია როგორ განვითარდება მომავალში, მიუხედავად იმისა, ძველ, მწვავე შეტევებს ჰქონდა თუ არა დადებითი, საიმედო პროგნოზი.
- ასთმიანმა ბავშვმა შეიძლება სპორტს მისდიოს?
სპორტიდან გამოთიშვა ნამდვილად შეცდომა იქნება, ბავშვს სუნთქვითი ფუნქციის განვითარება სჭირდება. ერთი გახურება მისთვის საკმარისია, ფიზიკურ აქტივობას რითმული ხასიათი უნდა ჰქონდეს. სიცივეში ცხვირი დაუფარეთ რომ ცივი ჰაერი არ ისუნთქოს. სპორტის ყველა სახეობა სასარგებლოა, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება ასთმურ შეტევას ხელი შეუწყოს (ჯირითი, ხანგრძლივი სირბილი…). უპირატესობა მიანიჭეთ გუნდური სპორტის სახეობებს ან რომელიც პატარ-პატარა ხნიან დატვირთვებს გულისხმობს, მოერიდეთ ქლორირებულ აუზებს.
- როგორ დავიცვათ ასთმისგან ბავშვი?
ექიმები ასთმიანი ბავშვის მშობლებს ურჩევენ არ იყოლიონ შინაური ცხოველები. მოერიდონ ყველაფერს, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს: თამბაქო, მტვერი, ნესტი, ტკიპები… ასევე ოთახი რეგულარულად უნდა გავანიავოთ და თეთრეული რეგულარულად გამოვცვალოთ.
წყარო: Top Santé, N°267 Décembre 2012, p. 114-115
Catégories :0-დან 18 წლამდე