რას ნიშნავს კარგი წნევა?

წნევა

არტერიული წნევა საკმარისად ძლიერი უნდა იყოს რომ სისხლმა სათანადოდ მოახდინოს ყველა ორგანოს ირიგაცია, მაგრამ არც ძალიან მაღალი, რომ ორგანოები დააზიანოს გრძელვადიან პერიოდში. როგორ მოვიქცეთ როდესაც არ გვაქვს სათანადო წნევა და განსაკუთრებით მაშინ როდესაც წნევა საშიში ხდება? 

კითხვებს პასუხობს ჟან-ჟაკ მურადი არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლის ფრანგული კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი.

იცით როგორი წნევა გაქვთ? თუ არ იცით, სთხოვეთ თქვენს ექიმს, შემდეგ ვიზიტზე, გაგიზომოთ. მოსვენებულ მდგომარეობაში 14/9 (140/90 mmHg) -ზე ნაკლები უნდა იყოს. არტერიების კედელზე სისხლის წნევას გვაძლევს ორი პარამეტრი, პირველი, როდესაც გული იკუმშება (სისტოლური წნევა) და მეორე – გულის ორ დარტყმას შორის მონაცემი (დიასტოლური). წნევა იცვლება ფიზიკური აქტივობის, ემოციების მიხედვით და დღის განმავლობაში. ამიტომ დიაგნოზის დასასმელად წნევის რამდენჯერმე გაზომვაა საჭირო, ამისათვის აკეთებენ წნევის მუდმივ მონიტორინგს სახლის პირობებში, ვიდრე ერთჯერად გაზომვას ექიმის კაბინეტში.

მაღალი წნევა
როდესაც წნევა 14/9-ზე მაღალია

თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მხედველობაში შავი ლაქები, შეიძლება არტერიული ჰიპერტენზიის შედეგი იყოს. მაგრამ მაღალი წნევა, როგორც წესი ჩუმად მიმდინარეობს. ამიტომ არის საჭირო, 40 წლის ზევით, წელიწადში ერთხელ მაინც, წნევის გაკონტროლება.

რა რისკები არსებობს?

არტერიული ჰიპერტენზია, მკურნალობის გარეშე, გრძელვადიან პერიოდში უარყოფითად მოქმედებს არტერიებზე. ტვინის დონეზე შეიძლება მოგვცეს ინსულტი და ალცაიმერის ტიპის დემენცია. გულის დონეზე ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის უკმარისობის განვითარებას. თირკმლების დონეზე, აზიანებს ქსოვილებს თირკლის უკმარისობის ჩამოყალიბებით. მაღალი წნევა ასევე საფუძვლად უდევს ქვედა კიდურების არტერიტების განვითარებასა და თვალის ბადურის დაზიანებას.

რატომ შეიძლება ვიყოთ ჰიპერტონიკი?

ასაკთან ერთად არტერიები მოქნილობას კარგავს, შედეგად წნევა მაღლა იწევს. მაგრამ ზოგი ინდივიდი უფრო სწრაფად ხდება ჰიპერტონიკი, მემკვიდრული განწყობისა და სისუსტის გამო. ჭარბი წონა, უმოქმედობა, მარილის ჭარბი მოხმარება, დიაბეტი, ქოლესტერინი, თამბაქო … ეს ფაქტორები აჩქარებენ არტერიული წნევის მატებას ასაკთან ერთად.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძლება იყოს მაღალი წნევის გამომწვევი?

ესტროგენზე დამზადებულმა კონტრაცეპტივმა, ზოგიერთ ქალში, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, აბებზე თავის დანებებიდან რამდენიმე კვირაში წნევა ნორმას უბრუნდება. ჰიპერტონიკმა ქალებმა, რომლებიც მაღალი წნევის გამო წამალს ღებულობენ შეუძლიათ დალიონ მხოლოდ პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივები.

სტრესმა შეიძლება ჰიპერტენზია გამოიწვიოს?

ნერვული დაძაბულობა და სტრესი არ შეიძლება ჰიპერტენზიის გამომწვევი იყოს, მაღალი წნევა გამოწვეულია მხოლოდ არტერიების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევით. მაგრამ სტრესმა შეიძლება ერთ მომენტში აწიოს წნევა, რაც შემდეგ ნორმას უბრუნდება. თუ წნევის გაკონტროლება სტრესის დროს მოხდა, უთხარით თქვენს ექიმს და გადაამოწმეთ სიმშვიდის დროს.

რატომ უნდა ვაკონტროლოთ წნევა ორსულობის დროს?

ორსულობის ერთერთი გართულებაა ორსულთა ტოქსემია, რომელიც ასოცირდება ჰიპერტენზიასთან და ხასიათდება შარდში ალბუმინის არსებობით. მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და მძიმე შედეგები დედისა და ბავშვისთვის.

წამლის გარეშე შეიძლება დავწიოთ წნევა?

თუ მსუბუქად არის გამოხატული (15/9,5), ცხოვრების კარგი ჰიგიენა შეიძლება საკმარისი იყოს: რაციონალური კვება, ნაკლები მარილი და ალკოჰოლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, თამბაქოზე უარის თქმა… 4-5 კგ დაკლება და მისი შენარჩუნება, დღეში სულ მცირე 30 წუთი ფეხით სიარული. ეს ზომები შეიძლება საკმარისი გახდეს წნევის დასარეგულირებლად.

უმარილო საკვები მივიღოთ?

თუ გულის უკმარისობა არ გაწუხებთ არ არის საჭირო. დიდი სიცხეების დროს, მოხუცებულ ადამიანში, ამან შეიძლება დეჰიდრატაციაც კი გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში მარილის მოხმარება უნდა შევამციროთ: მოაშორეთ სამარილე მაგიდიდან, შეამცირეთ მარილიანი საკვების მიღება, მაგალითად ყველის (დღეში ერთ ნაჭერზე მეტი არ შეიძლება), ძეხვეულის (კვირაში მაქსიმუმ ორჯერ) და ქარხნული წარმოების საჭმელების.

რატომ არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები?

არტერიული წნევის მომატების უამრავი მიზეზი არსებობს და შესაბამისად მისი მკურნალობის მეთოდებიც განსხვავებულია. ყველაზე ხშირად რამდენიმე მექანიზმია ჩართული და მედიკამენტებიც ასე უნდა შევარჩიოთ. ზოგჯერ, რამდენიმე თვეა საჭირო რომ საჭირო წამალი ვიპოვოთ, მას შემდეგ რაც ცხოვრების წესის ცვლილება სამი თვის განმავლობაში შედეგს არ მოგვცემს.

მედიკამენტების მეორადი ეფექტების უნდა გვეშინოდეს?

ყველა კლასის მედიკამენტს თავისი გვერდითი მოვლენა აქვს: შეშუპება ახლავს კალციუმის ინჰიბიტორებს. ხველა – ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. თუმცა ეს გვერდითი მოვლენები როგორც წესი შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისას. თუ შემაწუხებელია ექიმს დაელაპარაკეთ: თუ ვერ ავიტანეთ ერთი ჯგუფის მედიკამენტი  ეს არ ნიშნავს რომ სხვასაც ვერ ავიტანთ.  თუ ჰიპერტენზიის დარეგულირება ვერ მოხდა მკურნალი ექიმი სხვა სპეციალისტს მიმართავს: ნეფროლოგს, კარდიოლოგს…

მკურნალობა მთელი ცხოვრება უნდა ვიტაროთ?

დიახ და ყოველდღე. რაც უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი ჰიპერტენზია სიცოცხლის ხანგრძლივობა მით მეტად გაიზრდება, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულებების თავიდან აცილებით მიიღწევა. ცნობილია რომ ჰიპერტონიკი ადამიანი, მკურნალობის გარეშე, 7-8 წლით ნაკლებს ცხოვრობს, ვიდრე მკურნალობის ჩატარებით.

დაბალი წნევა
როდესაც წნევა 9-ზე დაბალია

დაღლილობა, თავბრუსხვევა, უგუნებობა შეიძლება დაბალი წნევის შედეგი იყოს. როგორც წესი ეს ყველაფერი ბანალურია. მაგრამ მოხუცებულ ადამიანებში ჰიპოტენზია შეიძლება ასევე ნევროლოგიური დაავადების გამოვლინება იყოს.

რა არის ორთოსტატიური ჰიპოტენზია?

ეს არტერიული წნევის დაცემაა, განსაკუთრებით ადგილი აქვს მწოლიარე ან მჯომარე მდგომარეობიდან უცებ ადგომის დროს. ორი მიზეზით არის გამოწვეული. ადამიანი ან ანემიურია და არტერიებში არ არის სათანადო სისხლი ცირკულაციისთვის. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს ახასიათებთ, უხვი მენსტრუაციით. ან ვარიკოზული ვენების შედეგია, სისხლი გუბდება ვენებში და არტერიებში წნევა ქვეითდება.

დაბალი წნევა საშიშია?

დაბალი არტერიული წნევა, სიმპტომების გარეშე ანომალიას არ წარმოადგენს. ეს როგორც წესი, ახალგაზრდა სპორტსმენ ქალებში გვხვდება. ასევე არ არის საშიში ორთოსტატიური ჰიპოტენზია, თუ დაცემა არ მოჰყვება, რაც საშიშია, განსაკუთრებით მოხუცებულ ადამიანში.

დაბალ წნევას უნდა ვუმკურნალოთ?

დიახ, იმ მომენტიდან როდესაც დაბალი წნევა შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს. ამ შემთხვევაში ვმკურნალობთ დაბალი წნევის გამომწვევს. ანემიის შემთხვევაში ვღებულობთ რკინას. ვარიკოზული ვენების შემთხვევაში სამკურნალო გეტრები უნდა ვატაროთ ან ქირურგიულად ვიმკურნალოთ. ჰიპერტონიკს, რომელსაც უკვე უტარდებოდა მკურნალობა, მკურნალობის შეცვლა სჭირდება და ყველაფერი წესრიგში ჩადგება.

წყარო: Top Santé, N°263 août 2012, p 58-60

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s