ეს მცენარე ნესტიან გარემოში იზრდება და რევმატიზმს ამსუბუქებს, რომელიც თავად სიცივითა და ნესტით მძიმდება. ეს იმაზე მოწმობს რომ ბუნება ზუსტად ცუდის გვერდით გვაძლევს სამკურნალო საშუალებებს.
საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი ფრანკ დუბუსი
ქაფური (მეცნიერული სახელწოდება Filipendula ulmaria) ძალიან სურნელოვანია გასრესვისას. მისი ყვავილები ბუნების სიმდიდრეა: შეიცავს სალიცილატებს, რომლებიც ასევე შედიან ჩვენთვის კარგად ცნობილი ასპირინის შემადგენლობაში. სალიცილატები ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებია და ასპირინისგან განსხვავებით კუჭის ლორწოვანს იცავენ, ეს უკანასკნელი კი პირიქით აგრესიულად მოქმედებს კუჭის კედლებზე.
ამშვიდებს სახსრების ტკივილს
ფლავონოიდებისა და სალიცილატების შემცველობის გამო ქაფურის ყვავილები ართრიტების, პოდაგრას (ნიკრისის ქარი, რომელიც სისხლში შარდმჟავას ჭარბი შემცველობით არის გამოწვეული) და სახსრების სხვა, რევმატოიდული დაავადებების სამკურნალო საშუალებაა. აუმჯობესებს სისხლძარღვების გამავლობას და შესაბამისად ცირკულაციას ორგანიზმში. შედეგად გამოაქვს შარდმჟავას კრისტალები, რომლებიც პოდაგრას დროს სახსრებში ჩნდება. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა რომ ქაფურს ასევე აქვს იმუნომოდულატორის თვისებები (არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას). „კერძოდ იცავს ორგანიზმს რომ ანთებამ სახსრები არ დააზიანოს“ – აზუსტებს ფრანკ დუბუსი. გამშრალი ყვავილებისგან უნდა დავამზადოთ მცენარეული ჩაი. 1 ან 2 ს.კ. ვამზადებთ ერთ ფინჯანს და უნდა მივიღოთ დღეში 2-3-ჯერ, მაქსიმუმ სამი კვირის განმავლობაში.
ქაფური იცავს კუჭს
ყვავილები და ქორფა ფოთლები მდიდარია შემკვრელი ტანინებით, რომლებიც აადვილებენ კუჭნაწლავის ტრაქტის შეხორცებას. კვლევებმა აჩვენა რომ ისინი ასევე ხელს უშლიან ჰელიკობაქტერია პილორის (Helicobacter pylori) შეღწევას, რაც წყლულებს აჩენს. „როგორც კვლევებმა აჩვენა ქაფურის აქტიური ნივთიერებები ბაქტერიის ლორწოვანზე ფიქსაციას უშლიან ხელს და ასე ამცირებენ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს“ – ხაზს უსვამს ფრანკ დუბუსი. აქაც მცენარეული ჩაი უნდა დავლიოთ, საჭიროების მიხედვით 1 ან 2 ს.კ. გამომშრალი მცენარის ყვავილები ერთ ფინჯანზე.
ებრძვის მჟავიანობას
ქაფურის ეს თვისება ჩვენმა ბებიებმაც იცოდნენ. „რეალურად მცენარე პირდაპირ არ მოქმედებს მჟავიანობაზე, მაგრამ ამშვიდებს კუჭისა და საყლაპავის ანთებას“ – გვიხსნის ფრანკ დუბუსი. ნაყენი რეკომენდებულია გასტრიტისა და სტრესით გამოწვეული მაღალი მჟავიანობის დროს.
ქაფური ამშვიდებს კბილისა და თავის ტკივილს
ნაყენის ან მცენარეული ჩაის სახით ქაფური შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ბუნებრივი ასპირინი თავის ტკივილის დროს. მისი მოქმედება, რა თქმა უნდა უფრო სუსტია ვიდრე ქიმიურად მიღებული ასპირინის, მაგრამ აქვს ერთი დიდი უპირატესობა: არ აქვს გვერდითი მოვლენები კუჭზე. ასევე შეგიძლიათ კბილის ტკივილის დროს გამოიყენოთ.
ნაჩვენებია გრიპოზული მდგომარეობების დროს
მცენარეული ჩაი ებრძვის ლორწოვანის ანთებას (სინუსი, ყელი), ფებრილიტებსა და ცხელებას. „მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ“ – გვაფრთხილებს ფრანკ დუბუსი. მკურნალობას უნდა დავუმატოთ ანტისეპტიკური საშუალება, მაგალითად ქონდარი ან პროპოლისი.
ქაფური დიურეტიკია
დიეტის დაწყებისას ხშირად არის საჭირო ორგანიზმში წყლის შეკავების წინააღმდეგ ბრძოლა. ამისათვის ქაფურის შარდმდენი თვისებები ძალიან გამოგვადგება. „ამ შემთხვევაში უმჯობესია მცენარეული ჩაი დავლიოთ, რათა მეორეს მხრივ ორგანიზმი გაუწყლოებისგან დავიცვათ“ – გვირჩევს ფრანკ დუბუსი.
წყარო: Top Santé, janvier 2012, N°256, p. 74
Catégories :ფიტოთერაპია