დანიურმა კვლევამ აჩვენა რომ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება დეპრესიის პოტენციურ რისკს ატარებს.
ეს გახლავთ უახლესი, ძალიან ფართო, დანიური კვლევის შედეგები, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდა პრესტიჟულ ჟურნალში – JAMA Psychiatry. ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შეუძლიათ დეპრესია გამოიწვიონ, განსაკუთრებით მოზარდებში. ეს არის კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, რომელიც დანიის საყოველთაო ჯანდაცვის მონაცემებს ეფუძნება.
დეპრესიის რისკი თანდათან იზრდება
2000 დან 2013 წლამდე 1 მილიონზე მეტი დანიელი ქალბატონი იყო მეთვალყურეობის ქვეშ, ასაკობრივი ჯგუფი 18-დან 34-წლამდე. საკვლევ ჯგუფს დეპრესია წინასწარ არ ჰქონდა დიაგნოსტირებული და მათი 55% ღებულობდა ჰორმონულ კონტრაცეპტივებს. მკვლევარების დასკვნით 550 000 -დან 133 000 ქალს გამოწერილი ჰქონდა ანტიდეპრესანტები და 23 000 ჰოსპიტალიზებული იქნა საავადმყოფოში დეპრესიის დიაგნოზით.
ანალიზის შემდეგ მკვლევარებმა გამოთვალეს რომ ესტროგენისა და პროგესტინის შემცველი (კომბინირებული) აბები ზრდის ანტიდეპრესანტების მიღების რისკს 1,23-ჯერ, ხოლო დეპრესიის დიაგნოსტირება იზრდება 1,1-ჯერ. სუფთა პროგესტინის შემცველი აბების (რომელიც მხოლოდ ერთ ჰორმონს შეიცავს) შემთხვევაში ზემოთხსენებული რისკი შემდეგნაირად მატულობს: ანტიდეპრესანტების მიღება იზრდება 1,3-ჯერ, ხოლო დეპრესიის დიაგნოსტირება 1,2-ჯერ.
მოზარდები ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფია
როგორც მკვლევარი გიომ ფონდი ამბობს: „ჩვენ პირველად გვაქვს მაღალი ხარისხის მტკიცებულება რომ ჰორმონული კონტრაცეპტივები დეპრესიის რისკს ზრდის.“ მკვლევარის ძიების საგანი სწორედ ჰორმონებსა და მენტალურ დაავადებებს შორის კავშირია. « დეპრესია ორალური კონტრაცეპტივების გვერდითი მოვლენაა“ – აგრძელებს ექიმი.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს: მოზარდები კიდევ უფრო ზარალდებიან კონტრაცეპტივებით. 15-დან 19 წლამდე გოგონებში, რომლებიც ესტროგენისა და პროგესტინის შემცველ აბებს ღებულობენ, ანტიდეპრესანტების გამოწერის სიხშირე 1,8-ჯერ იზრდება, ხოლო დეპრესიის დიაგნოსტირება 1,7- ჯერ. კიდევ უარესი: პროგესტინის შემცველი აბების მიღების შემთხვევაში ეს ციფრები მატულობს შესაბამისად 2,2-მდე და 1,9-მდე.
ფრთხილად იყავით ჰორმონულ სპირალებთან, ბეჭდებთან და ე.წ. „პაჩებთან“
„მოზარდებში უნდა გაიზარდოს დეპრესიის სიმპტომების გამოვლენა“ – აგრძელებს გიომ ფონდი. დეპრესიის განვითარების რისკი ჩასახვის საწინააღმეგო აბების დოზის პროპორციულია. დეპრესიის განვითარების პიკი გვაქვს აბების დალევის დაწყებიდან 6 თვის თავზე. ამიტომ პირველ თვეებში, პაციენტს უნდა შევთავაზოთ დეპრესიის სიმპტომების მეთვალყურეობა.
კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა: ადგილობრივი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ვაგინალური ბეჭედი, ჰორმონული სპირალი, კონტრაცეპტული „პაჩები“ კიდევ უფრო მაღალი რისკის მატარებლები არიან ვიდრე მარტივი აბები. ანტიდეპრესანტების დალევის ალბათობა იზრდება 1,1-ჯერ სპირალის შემთხვევაში, 1,5-ჯერ ბეჭდისა და 2,1-ჯერ პაჩის შემთხვევაში. ხოლო დეპრესიის დიაგნოზის დასმა იზრდება: 1,4-ჯერ (სპირალი), 1,5 (ბეჭედი), 1,7(პაჩი).
ქალების უმრავლესობას, რომლებიც არიან კონტრაცეპტივების ქვეშ, არ აწუხებთ პრობლემები
გიომ ფონდის აზრით, ოჯახის ექიმებმა და ფსიქიატრებმა, რომლებიც ერთის მხრივ უწერენ პაციენტებს კონტრაცეპტივებს და მეორეს მხრივ ანტიდეპრესანტებს, მუდმივად უნდა დაუსვან პაციენტებს კითხვები და ეძებონ კავშირი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და დეპრესიას შორის.
„ასევე კონტრაცეპტივების ანოტაციებში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი დეპრესიაზე, როგორც გვერდით მოვლენაზე“ – იმეორებს მკვლევარი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ ვსაუბრობთ შედარებით რისკზე: ქალთა უმრავლესობა არ იძირება დეპრესიაში იმისა გამო რომ ისინი ღებულობენ აბებს.
Catégories :მეცნიერება