რძის პროდუქტების მიღების შემდეგ მუცლის შებერვა და ტკივილი თუ გაქვთ ყოველთვის ეჭვობთ ლაქტოზის აუტანლობაზე. გიამბობთ რა უნდა იცოდეთ, სანამ კვების რაციონიდან ამოიღებთ რძეს, იოგურტსა და ყველს.
საუბრობს გრეგუარ ვებერი, დიეტოლოგი
- რა არის ლაქტოზა?
ეს არის რძის მთავარი შემადგენელი შაქარი, შედგება ორი მოლეკულისგან: ერთი – გლუკოზა და მეორე – გალაქტოზა. ლაქტოზის მოსანელებლად საჭიროა ეს ორი მოლეკულა განცალკევდეს, რასაც აკეთებს ფერმენტი (ენზიმი) – ლაქტაზა, ეს უკანასკნელი გამომუშავდება ორგანიზმის მიერ.
- რომელი პროდუქტები შეიცავენ ლაქტოზას?
ლაქტოზას შეიცავს ყველა რძის პროდუქტი, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით. მყარი ყველები თითქმის არ შეიცავენ, ხოლო რძე და არაჟანი დიდი რაოდენობით შეიცავენ. ლაქტოზა ისეთი პროდუქტების შემადგენლობაშიც შედის, სადაც არ ველოდებით: ძეხვეულში, დიეტურ საჭმელებში… და მედიკამენტებშიც კი! რადგან ფარმაცევტული ქარხნებში მას როგორც დამხმარე ნივთიერებას ისე იყენებენ (მთავარ მოქმედ ნივთიერებასთან არის შეკავშირებული, რათა უსიამოვნო გემო შენიღბოს და აბსორბცია გააადვილოს): დაახლოებით 20% შემცველობით.
- საიდან მოდის საქტოზის აუტანლობა?
გარდა გენეტიკური წინასწარ განწყობისა ეს აუტანლობა დაკავშირებულია ასაკთან. ჩვილი თუ დედის რძით იკვებება ლაქტაზა აქტიურად წარმოიქმნება: შედეგად ბავშვი რძეს კარგად ითვისებს. შემდეგ 18-20 წლამდე ფერმენტის წარმოქმნა თანდათან კლებულობს. ზოგი ადამიანი კვლავ ძველებურად ინარჩუნებს რძის მონელების უნარს, ხოლო სხვასთან მნიშვნელოვნად მცირდება.
- რა ნიშნები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას?
როდესაც ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ლაქტაზას, ლაქტოზის მონელება გაძნელებულია. მოუნელებელი ნაწილი გადადის მსხვილ ნაწლავში და წარმოიქმნება ლაქტატი, აქროლადი და გაზების შემცველი ცხიმოვანი მჟავები. ნაწლავში ვღებულობთ მჟავე გარემოს და ჩქარდება მასების მოძრაობა, შედეგად ვიღებთ ნაწლავურ პრობლემებს. სიმპტომები ინდივიდუალურია, ლაქტაზას გამომუშავების, მიღებული საკვებზე დამოკიდებულების მიხედვით.
- შეიძლება პატარებსაც ეხებოდეს?
როდესაც პატარა ბავშვი რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, მუცლის ტკივილს უჩივის, უფრო რძის პროტეინებზე ალერგიაზე უნდა ვიფიქროთ (კაზეინი და ბეტა-ლაქტოგლობულინი). ეს სინდრომი 2 წლამდე ბავშვების 2-3%-ს აქვს. გამოვლინება ხდება ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის ინფექციების, (ასთმა, რინოკონიუქტივიტი…) ან/და დერმატოლოგიური პრობლემების სახით (ეგზემა, ატიპიური დერმატიტი, ურტიკარია…). ამ შემთხვევაში ბავშვის კვების რაციონიდან სრულიად უნდა ამოვიღოთ რძის პროდუქტები ასევე ის საკვები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რძის პროტეინებს. 80% შემთხვევაში ალერგია სპონტანურად ქრება 2 -დან 5-წლამდე.
- თუ ეჭვი გვაქვს ლაქტოზის აუტანლობაზე რძის პროდუქტების მიღება უნდა ავკრძალოთ?
ნუ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას! თუ მუცელი გტკივათ, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს რომ ძალიან სწრაფად ჭამთ, არარეგულარულად… ტესტის ჩასატარებლად, უზმოზე დალიეთ მხოლოდ ორი ჭიქა რძე და დააკვირდით თუ გაგიჩნდებათ დამახასიათებელი სიმპტომები. კიდევ ერთი ტესტი: ორი კვირის განმავლობაში რაციონიდან ამოიღეთ ლაქტოზის შემცველი ყველა პროდუქტი და დააკვირდით თუ გაუმჯობესდა თქვენი საჭმლის მონელება. ასევე შეგიძლიათ გაიკეთოთ ჰოსპიტალური ანალიზი: „წყალბადის კონცენტრაცია ამოსუნთქმულ ჰაერში“. როდესაც ლაქტოზის მონელება ხდება მსხვილ ნაწლავში, წარმოიქმნება წყალბადი, რომელიც სასუნთქი გზების მეშვეობით გამოიყოფა. ტესტის დროს პაციენტს უზმოზე ვაძლევთ ლაქტოზის შემცველ სასმელს, შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ვზომავთ ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის რაოდენობას. აუტანლობის შემთხვევაში ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალია. თავი შეიკავეთ ამ ტესტის სახლში ჩატარებისგან, რადგან არ იქნება მეცნიერულად განმტკიცებული.
- თუ გვაქვს ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ მას მაინც მოვიხმართ, რა გვემუქრება?
„ორგანიზმს არ ემუქრება რაიმე საფრთხე გვარწმუნებს დიეტოლოგი, გრეგუარ ვებერი. ერთადერთი უსიამოვნება ეს ხდება საჭმლის მონელებისას: შებერილობა და დისკომფორტი. პირიქით, თუ ლაქტოზის აუტანლობის დროს შევზღუდავთ რძის პროდუქტების მიღებას, ეს აუცილებლად დაეტყობა საკვების ათვისებას, ორგანიზმს განსაკუთრებით დააკლდება კალციუმი. ლაქტოზის აუტანლობა განსხვავებულია ყველა ინდივიდში, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა შევისწავლოთ. ზოგადად შესაძლებელია მივიღოთ 12გ ლაქტოზა (250 მლ რძე) უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე.“
- საკვები დანამატები თუ დაგვეხმარებიან მონელებაში?
დიახ, შესაძლებელია ლაქტაზას ტაბლეტები მივიღოთ ჭამის დროს. ეს ნამდვილად აადვილებს ორგანიზმის მიერ ლაქტოზას მონელებას.
- როგორ შეიძლება შევამსუბუქოთ ლაქტოზის აუტანლობა?
ლაქტოზას უკეთესად ვინელებთ თუ სხვა საკვებთან ერთად მივიღებთ, მაგალითად ცხელი შოკოლადი, კარაქიან პურთან და ცოცხალი ხილთან ერთად, უფრო ადვილი მოსანელებელია, ვიდრე მარტო 1 ჭიქა სუფთა რძე. ასევე მოერიდეთ დიდი რაოდენობით რძის, არაჟნის… მიღებას. უპირატესობა მიანიჭეთ მაწონსა და იოგურტს.
- რას ფიქრობთ იმ რძეებზე, რომლებსაც ლაქტოზის დაბალი შემცველობა აწერია?
ეს რძეები უბრალოდ გამდიდრებულია ფერმენტ – ლაქტაზათი, რომელიც წინასწარ „ინელებს“ ლაქტოზას და არ შეიცავენ 0,5გ ლაქტოზაზე მეტს. მათი კვებითი ღირებულება იგივეა, რაც „კლასიკური“ რძეების, თუმცა გემო უფრო ტკბილია. ლაქტოზა ნაკლებად ტკბილია, ვიდრე გლუკოზა. რამდენადაც ლაქტოზა უკვე დაშლილია ლაქტაზას მიერ, ეს გლუკოზისა და გალაქტოზას გემოა რომ გვხვდება.
წყარო: Top Santé, novembre 2012, N°266 p. 132-133
Catégories :რაციონალური კვება