ამა თუ იმ ტიპის თმასა და თავის კანს თავისი საკუთარი საჭიროებები აქვს. თუ გსურთ ჯანმრთელი თმა გქონდეთ აუცილებლად კარგად უნდა გაიცნოთ თქვენი თმა. თუ საჭიროა პროფესიონალსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ რჩევა.
1. იშვიათად შეიღებეთ თმა
თუ იყენებთ თმის დამჟანგავ საღებავებს უდაოდ შეამჩნევდით რომ ეს თმაზე აგრესიულად მოქმედებს. ეს საღებავები შეიცავს აგრესიულ აგენტებს: დიამინს, რესორსინოლს ან რესორსინს, ამონიაკს, დაჟანგულ (ოქსიგენირებულ) წყალს… გრძელვადიან პერიოდში ეს საღებავები მავნებელია, როგორც კლიენტისთვის ისე სტილისტისთვის. კარგი გამოსავალია თუ ხშირად არ შევიღებავთ. არა ყოველ ოთხ კვირაში, არამედ ექვს-შვიდ კვირაში ერთხელ, ასე, წელიწადში ერთიდან ორ თვემდე მოვიგებთ. უპირატესობა მივანიჭოთ შეღებვის მარტივ პროცედურებს, როდესაც ჩვენი ბუნებრივი თმის ტონზე ვსვამთ ფერს ან ბუნებრივი საღებავით ვიღებავთ, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არ აღიზიანებს არც თმას და არც თავის კანს.
2. როგორ დავიბანოთ თმა სწორად
ეს ნიშნავს რომ თავის კანი არ უნდა ჩამოვიფხიკოთ, ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით! შამპუნი უნდა იყოს ძალიან რბილი, დამზადებული არა აგრესიულ დასაბან საშუალებაზე. შამპუნი არ უნდა იყოს დამზადებული სარეცხ საშუალებაზე, ძალიან არ უნდა ქაფდებოდეს. შამპუნი უნდა წავისვათ ორჯერ. პირველ ასუფთავებს და აცლის ცხიმს. მეორე წასმა, რასაც სამი წუთით ვიჩერებთ – მკურნალობს თავის კანს. ჩამოიბანეთ გამდინარე თბილი წყლით. შამპუნი უნდა შევარჩიოთ თავის კანის თვისებების მიხედვით, რომელიც შეიძლება იყოს: ნორმალური, ცხიმიანი, მშრალი ან ქერტლიანი. თუ კვირაში რამდენჯერმე ვიბანთ – მონაცვლეობით უნდა ვიხმაროთ ნეიტრალური და სამკურნალო შამპუნი.
3. გულდასმით ჩამოიბანეთ
დიდხანს უნდა ჩამოიბანოთ, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც თმა სქელია. თავი უკან გადაწიეთ, თმა ნაზად აწიეთ ისე რომ შამპუნის ნარჩენები კარგად გამოდინდეს. წყალი ნელთბილი უნდა იყოს და არა ცხელი, რათა თავის კანი და თმა არ გაღიზიანდეს. ბოლო გადავლება შეიძლება უფრო გრილი იყოს და ძმარი ჰქონდეს გარეული. ეს უკანასკნელი ბზინვარებას აძლებს თმას და ხურავს თმის გახსნილ მიკროსკოპულ შრეებს. შემდეგ თმა ხელით მოწურეთ და დაივარცხნეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული სავარცხლით (არა მეტალისა და პლასტმასისგან დამზადებული).
4. თმის ჯაგრისი თმაში ჟანგბადის შეღწევას უზრუნველყოფს
კარგი ჩვევაა დილა-საღამოს თმის ჯაგრისის გადასმა, თმა მთელს სიგრძეზე ნიავდება, გამოდის მტვერი და ჭუჭყი. თმის ჯაგრისი მშრალ თმაზე უნდა გადავისვათ. უმჯობესია ნატურალური მასალისგან დამზადებული თმის ჯაგრისი. თუ თხელი და სუსტი თმა გაქვთ მოერიდეთ მეტალის ან პლასტმასის ჯაგრისებს, რომელიც იკბინება, ადვილად ეკრობა და წყვეტს თმას. სველ თმას სავარცხლით ვივარცხნით, შემდეგ რაც უფრო მშრალია თმა დავარცხნისას სავარცხლის კბილანებს შორის მით მეტი სივრცე უნდა იყოს.
5. მშრალ თმას კვება სჭირდება
არ აქვს მნიშვნელობა მშრალი თმა ხვეულია თუ სწორი, ამ ტიპის თმას დაბანამდე მთელი რიტუალის ჩატარება სჭირდება. ძალიან ეფექტურია მცენარეული ზეთების აბაზანები (მაკადამია, კუნჟუტი, აბუსალათინი ან მათი ნარევი), რომელიც უკუმიმართულებით, სიგრძიდან ძირებისკენ უნდა წავისვათ. შეგვიძლია მთელი ღამე დავიტოვოთ და დილით დავიბანოთ. დაბანის შემდეგ შეგვიძლია თმაზე ისეთი მკვებავი საშუალება გამოვყენოთ, რასაც ჩამობანა არ სჭირდება, თუ დრო არ გვაქვს ეს მოგვიანებითაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მშრალ თმაზე მკვებავი კრემი საღამოსაც შეგვიძლია შევიზილოთ, დილით უფრო ფაფუკი იქნება.
6. გამოიყენეთ ეთერზეთები
არსებობს მზა ნარევები, თუმცა თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. ეთერზეთები ისმება თავის კანიდან თმის სიგრძეზე, სისხლისმიმოქცევის გასაუმჯობესებლად. თმას უნდა მივყვეთ ხაზოვნად, შემდეგ იდაყვები დააყრდენით მაგიდაზე და თითებით ნაზი მასაჟი გაიკეთეთ თავზე, თან დატკბით ეთეზეთების სურნელებით. ამის გაკეთება შეგვიძლია კვირაში ერთხელ, დაბანამდე, გავიჩეროთ ათიოდე წუთი.
7. ვუმკურნალოთ ცხიმიან თმას
ქალაქში ჰაერის დაბინძურება ძალიან აჭუჭყიანებს თმას. თმა უფრო ხშირად ცხიმიანი, მძიმე და პრიალაა ვიდრე ბზინვარე. იმისათვის რომ ცხიმწარმოქმნა არ გავაძლიეროთ დაბანის დროს თავის კანი თითებით არ მოიქავოთ. შამპუნი გადავინაწლოთ ორივე ხელზე და უბრალოდ წავისვათ გვერდებზე, შუბლზე, თხემსა და კეფაზე. შემდეგ ეს ზონები გაშლილი ხელით მოვისრისოთ რამდენიმე წამის განმავლობაში. სულ ეს არის! შემდეგ გადავივლოთ ნელთბილი წყალი, რადგან ცხელი წყალი აღიზიანებს ცხიმის გამომყოფ ჯირკვლებს და აგრესიულად მოქმედებს თავზე.
8. საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია
თმის პრობლემების შემთხვევაში ზოგჯერ არ ვიცით ვის მივმართოთ… დერმატოლოგი მკურნალობს თმის ცვენასა და ქერტლს. როდესაც უფრო ლამაზი თმა გვინდა გვქონდეს პროფესიონალ სტილისტს უნდა მივმართოთ. კარგ სტილისტს შეუძლია დიაგნოზი დაუსვას ჩვენს თმას, და სათანადო მკურნალობა შემოგვთავაზოს. მაგალითად როდესაც თმა გაღიზიანებულია მრავაჯერადი შეღებვით, სწრაფად უნდა მოიძებნოს გამოსავალი.
9. მოერიდეთ გამაცხელებელ საშუალებებს
თმის საშრობი მოზომილად იხმარეთ და არასოდეს ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე. როგორც კი კარგი ამინდები დადგება, ორიდან ერთ შემთხვევაში ჰაერზე გაიშრეთ თმა, განსაკუთრებით თუ თმა დაზიანებულია. თუ პროფესიონალურად ვივარცხნით, თმა წინასწარ შევიშროთ თავდახრილმა, თმა ხელებით გადავწიოთ გაშრობის დროს, ასე მივანიჭებთ მოცულობას თმას. შეგვიძლია მოცულობის მისანიჭებელი სპრეი შევისხუროთ ან თხილის გულისოდენა მოცულობის მისაცემი მუსი წავუსვათ სავარცხელს და შემდეგ დავივარცხნოთ. ჯაგრისით მხოლოდ თმის ბოლოები დავივარცხნოთ და ძალიან არ მოვქაჩოთ. რაც შეეხება თმის გასასწორებელ აპარატებს უცებ აღიზიანებს თმის ბოჭკოებს, უმჯობესია თუ არ გამოვიყენებთ, რამდენადაც გამოყოფილი სიცხე ძალიან ძლიერია. თუ მაინც აუცილებელია თმა ჯერ საშრობით გავიშროთ და შემდეგ გავისწოროთ.
10. მოვუაროთ თავის კანს
თავის კანი და თმა ყოველთვის ერთი ბუნების არ არის და შეიძლება განსხვავებული საჭიროებები ჰქონდეთ. შეიძლება გვქონდეს ქერტლი და მშრალი თმის სიგრძე. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ სკალპის ექსფოლიაციას და თმის სიგრძესა და ბოლოებში მკვებავ პროცედურებს. ამიტომ უნდა განვაცალკევოთ თავის კანისა და თმის მოვლა, თითოეულის საჭიროებებიდან გამომდინარე. სულ უნდა გვახსოვდეს რომ თმა ცოცხალია, იკვებება თმის ძირიდან მიკროცირკულაციის წყალობით, ამიტომ მნიშვნელოვანია რაციონალური კვება: საკმარისი რაოდენობით ცილები და B ჯგუფის ვიტამინები, ასევე რკინა და თუთია თმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებად.
წყარო: Top Santé, N°332 Mai 2018 p. 34-36
Catégories :ჩვენი რჩევები