დღეში რამდენჯერმე ჩვენი კუჭი ყვირის – მშიაა!… უფრო ზუსტად კი, გამოყოფს „შიმშილის ჰორმონს“ – გრელინს, რაც იწვევს შიმშილის გრძნობას. ეს მოლეკულა ციკლურად გამოიყოფა, პიკს აღწევს ჭამის წინ და რამდენიმე ლუკმის შემდეგ თანდათან ქვეითდება. ყველა დანარჩენი ნერვული და ქიმიური სიგნალი, რომელსაც ჩვენი საჭმლისმომნელები სისტემა ტვინს უგზავნის, მოქმედებს საპირისპიროდ, როგორც მაძღრობის სიგნალი. ეს სიგნალები აღიქმება ტვინის ორ უბანში: ჰიპოთალამუსსა და სოლიტარული ტრაქტის ბირთვში, რომელიც ტვინის ქერქის ქვეშ მდებარეობს.
როგორც კი, პირველი ლუკმა კუჭში მოხვდება, ზემოთ ნახსენები ცენტრები საჭმლის მონელებისთვის იწყებს სამზადისს. კუჭის ავსებისას ტვინი იღებს სიგნალებს რომ ჭამის დასრულების დროა. ეს ინფორმაცია – სიგნალები გაიცემა კუჭის კედლის ნეირონების მიერ. ეს უკანასკნელნი აღჭურვილნი არიან მექანიკური რეცეპტორებით, რომლებიც აღიქვამენ კუჭის სისავსეს.
მიღებული საკვები შემდეგ გადადის ნაწლავებში. ლიპიდებისა და ნახშირწყლების რაოდენობა აღიქმება და ფასდება ნაწლავის უჯრედების მიერ, სპეციფიური რეცეპტორების წყალობით. ამ რაოდენობაზე დაყრდნობით ნაწლავური უჯრედები უშვებენ ნერვულ სიგნალებს ან გამოყოფენ ჰორმონებს, რომლებსაც სისრულეში მოჰყავთ საკვებით დაკმაყოფილების, მაძღრობის შეგრძნება. როდესაც საკვები მიღებული და მონელებულია, ნაწლავი გამოყოფს მცირე რაოდენობით შაქარს, რომელიც თავის მხრივ აგზავნის შეტყობინებას – შემდეგი ჭამისას, შიმშილის შეგრძნება იყოს შედარებით მსუბუქი.
მრავალ ჰორმონთა შორის, რომლებიც შიმშილს არეგულირებენ, ლეპტინი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. იგი გამოიყოფა ადიპოციტების მიერ (ცხიმოვანი უჯრედები) და მუდმივად უგზავნის ტვინს სიგნალს, ორგანიზმში არსებული ენერგიის მარაგის შესახებ. რაც მეტია ინდივიდის ცხიმოვანი მასა, მით მეტ ლეპტინს გამოყოფს და ნაკლებად შივდება. და პირიქით, ადამიანი თუ კარგავს წონას, მისი ცხიმოვანი მასა მცირდება და შესაბამისად ლეპტინის სეკრეციაც. შედეგად ტვინი ააქტიურებს შიმშილის შეგრძნებას, იმისათვის რომ სხეული აიყვანოს „ნორმალურ“ წონაზე, რომელიც შეესაბამება წონის დაკარგვამდე არსებულ მდგომარეობას. სწორედ ეს მექანიზმია დიდწილად პასუხისმგებელი „იო-იოს ეფექტზე“ (წონის დაკარგვისა და მატების მონაცვლეობა). მთელი ეს მექანიზმები ჩაწერილია ჩვენს დნმ-ში და უფრო მეტად შეესაბამებიან ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესს (ნადირობა, შემგროვებლობა) ვიდრე დღევანდელ, ჩვენს რეალურ ცხოვრების წესს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტ საკვებს ვიღებთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები, გამოდის რომ იმდენად აღარ უნდა გვშივდებოდეს. მაშ როგორ ავხსნათ ის შიმშილი, რასაც დღეში სამჯერ ვგრძნობთ? სინამდვილეში, მრავლობითი სიგნალების უმეტესობა, რომელიც ჰიპოთალამუსში გადის, დაკავშირებულია კვებით მიღებულ სიამოვნებასთან და საკვების ტექსტურასთან. მთელი ეს ემოციური გრძნობები, რომლებიც გარემოსა და ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული, აძლიერებს შიმშილის გრძნობას და კონკურენციაში შედის მეტაბოლიზმის სიგნალებთან, რომლებიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული. თუ ჩვენ გენეტიკურ მემკვიდრეობას მივსდევთ -ჭამამ უნდა დააქვეითოს მადა. და მაინც, როგორც იტყვიან – „მადა ჭამაში მოდის“.
ბიბლიოგრაფია: La Recherche, Mai 2016, N° 551, p. 98
Catégories :რაციონალური კვება